გიფიქრიათ ოდესმე, რომ იმ სახლებს მიღმა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ ქუჩებს მიღმა სადაც ყოველდღე დავდივართ, არსებობს კიდევ ერთი სამყარო? კიდევ ერთი, მესამე ნაპირი? გიფიქრიათ, რომ იმ მიწისქვეშებში ყოველდღე რომ ვკვეთთ, იმალება საიდუმლოებები, ისტორიები, ადამიანები, რომლებსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ? ლუკა ბაქანიძე სწორედ ამ მესამე ნაპირზე გვიამბობს. გვიამბობს ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს გამოღმა არსებობენ, თავიანთ სპიდს, თავიან ტკივილებს დაატარებენ, იბრძვიან, სუნთქავენ და ხშირად პარალონზე მწოლიალები ღია ცის ქვეშ ათენებენ. უკრავენ, უყვართ და ეწაფებიან სიცოცხლის ყველა სიტკბოსა და სიმწარეს. ისმენ ჯიოლენდის მონათხრობს და გრძნობ, ისე მძაფრად გრძნობ ლიმონის მაგიურ სურნელს, შეიძლება იფიქრო სადღაც აქვე პლანტაციაც კი არისო გაშენებული. ხვდები, რომ იმის მიღმა რასაც შენ ხედავ და აღიქვამ, რაღაც უცხო, აღუქმელი, გაუგებარი იმალება და თუ შენ ერთხელ მაინც გიგრძვნია თავი მარტოდ, გიგრძვნია რომ სადაც სუნთქავ ზედმეტი და უცხო ხარ, მაშინ იცოდე, ჯიოში და კარუსელის მარაქაში აუცილებლად იპოვი რაღაც შენიანს, რაღაც ისეთს, რაც მიგახვედრებს რომ არა, არ შეიძლება ამხელა სამყაროში მარტო იყო. მესამე ნაპირი გამოღმა სამყაროა, რომელსაც ერთხელ თუ ჩაისუნთქავ, ჩასუნთქვით კი აუცილებლად ჩაისუნთქავ, რადგან არ შეიძლება ასე ცხადად მოყოლილმა ისტორიებმა ახალი სუნთქვა არ გაგიხსნას, ვეღარასდროს დაივიწყებ. იქ, სადაც ყოველდღიურად დავდივართ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ ვხედავთ, რომლებმაც შეიძლება ვერ დაგვინახონ, მაგრამ ამ წიგნის დახურვის შემდეგ აუცილებლად ვიგრძნობთ თუ როგორ ახლოს არიან ისინი ჩვენთან. ახლა კი შეხსენება, თუ თქვენ ზაფხულის ამ მზიან დღეებს "მესამე ნაპირის" კითხვით შეივსებთ, მაგრამ ჯიბეში ხურდას ვერ იპოვით, არ დაგავიწყდეთ, თქვენსწინ მდგარ გიტარიან, ფლეიტიან ან ტუჩის გარმონიან ახალგაზრდას გადახსნილ ფუტლარში ღერი სიგარეტი ან ერთი ცალი ლიმონი ჩაუგდოთ. რამეთუ ლიმონი მართლაც მაგიური ქმნილებაა. და როგორ უხდება ლიმონის სურნელი თბილისურ მზეს, არა?
{s_blog_read_more}