ჯაზის ცხოვრება
24.95
ავტორი: ზურაბ ქარუმიძე
ზურაბ ქარუმიძის ეს წიგნი ჯაზის ისტორიას მოგითხრობთ – წარმოშობიდან დღემდე; ასევე, იმ ხალხის ამბავს, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის – ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან უინტონ მარსალისამდე.
ლუი ამსტრონგს უთქვამს: „ის, ვინც მეკითხება რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებს, მართლა რა არის ჯაზი!“ იკითხეთ „ჯაზის ცხოვრება“ და ნუღარ იკითხავთ „რა არის ჯაზი?“
წიგნისათვის ავტორს 2010 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 24.95
- ნანახია
- 13
მსგავსი პროდუქტები
ხევსურული შუღლი და დოღი
ავტორი: ნოშრევან არაბული
„მოყევი საქართველო“ – გამომცემლობა „ინტელექტის“ ახალი სერიაა, რომლის ფარგლებშიც გამორჩეული ავტორების მიერ მოთხრობილ, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიულ ლანდშაფტს, წეს-ჩვეულებებს, ადათსა და ტრადიციებს გავაცნობთ მკითხველს.
სერიის პირველი წიგნია ნოშრევან არაბულის – „ხევსურული შუღლი და დოღი“. ნოშრევან არაბულის ეთნოგრაფიულ ნაშრომში მოთხრობილია ხევსურთა უნიკალური წეს-ჩვეულებებისა და იმ პირობების შესახებ, რომლებიც ამ კუთხის მკვიდრთ უბადლო მეომრებად აყალიბებდა. დიდი ყურადღება ეთმობა საწესჩვეულებო სამართლის აღწერას, ასევე, თვითნასწავლ მკურნალთა საექიმო ხელოვნებას; წიგნში გამოკვეთილია ის კულტურული სივრცე, რომელიც დაპირისპირებულ ხევსურებსაც კი ერთმანეთის მიმართ პატივისცემით განაწყობდა. საინტერესო პარალელია გავლებული ხევსურულ შუღლსა და ევროპული ორთაბრძოლის სახეობა „მენსურს“ შორის.
ასევე, მნიშვნელოვანია დოღის ეპიზოდიც. მისი მასშტაბური და ლოკალური ეთნოლოგიური ჭრილი, მისი მახასიათებლები და ნიუანსები. დღესდღეობით, უკვე გამქრალი ან გაქრობის პირას მდგარი მრავალი წეს-ჩვეულებისა და ეთნოგრაფიული ტრადიციის პირობებში, ამგვარი წიგნები მათი მეხსიერებაში მყარად შენახვისა და გადარჩენის ერთადერთ გზად აღიქმება.
18.95
ექვსი ნოეს კიდობანი
ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე
ექვსი ამბავი.
ექვსი პერსონაჟი.
მოქმედების ადგილი და დრო: საქართველო. 1918-1921 წლები. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
„მაშინ საქართველო რაღაცნაირად მოულოდნელად და თითქოს არაკანონზომიერად, რამდენიმე წლით იქცა თანამედროვე, პროგრესულ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად. სწორედ ამიტომ ძალიან ბუნებრივია დღევანდელ, ისევ გზისგასაყარზე მდგარ ქვეყანაში ასეთი ცხოველი ინტერესი იმ დროის მიმართ.
„ექვსი ამბავი“ არ არის ტრაქტატი, მას თავისი – მხატვრული – ფორმა აქვს მოძებნილი. ეკატერინე ტოგონიძემ შეძლო ისტორია დღევანდელობის ყოფით სივრცეში მოექცია.
მწერალთა სახლის კაფე, მხატვრის სახელოსნო, ბიჭი, რომელსაც მუზეუმმა შეუკვეთა ერთ-ერთი პირველი დეპუტატი ქალის – მინადორა ტოროშელიძის პორტრეტი; მეორე ქალი დეპუტატის – ქრისტინე შარაშიძის ამბავს წერდა კაცი, რომელმაც მხედველობა დაკარგა, ახლა ამ ამბით მისი შვილიშვილი ინტერესდება; ქუჩა, რომელსაც კიდევ ერთი დეპუტატი ქალის სახელი მიენიჭა, მისი დატბორილი სარდაფი, სადაც საფრანგეთიდან ჩამოსული საბა პოულობს დოკუმენტებს მისი ბაბუის იმ დროში დამსმენობის შესახებ. ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტი ელენე, რომელმაც არაფერი არ იცის ნიკო ნიკოლაძის შესახებ. ტელე-თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ერთ-ერთი შეკითხვა კიდევ ერთ დეპუტატ ქალს ეხება. და ბოლოს, თეატრის სცენა, „ნოეს კიდობნის“ რეპეტიცია, მსახიობები, რომლებიც ნოე ჟორდანიას ექვს სხვადასხვა სახეს განასახიერებენ... ეს კარგად მოფიქრებული ქარგა აძლევს საშუალებას ავტორს ბევრი რამ გვიამბოს ერთი მრავლისმთქმელი ეპოქის და იმ დროის ადამიანების შესახებ.
ერის მეხსიერება შედგება ჟამთაღმწერელთა, ისტორიკოსთა, მოგზაურთა, მწერალთა მონათხრობიდან. ეს მონათხრობი იფილტრება საუკუნეთა მანძილზე და ჩვენამდე აღწევს ის, რაც მართლა ღირებული და მნიშვნელოვანია... რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დღევანდელობაზე, და მასთან ერთად მომავალზე.“ – ლანა ღოღობერიძე
19.95
ვარდი ნაწვიმარ სილაში. წერილები გალაკტიონზე
ავტორი: თეიმურაზ დოიაშვილი
ამ წიგნში გალაკტიონის პოეზიისა და ცხოვრების არაერთი საიდუმლოა გაცხადებული. თურმე: პოეტის პირველი კრებული (1914) მითოპოეტური სიუჟეტის მქონე რომანია ლექსებად; „მე და ღამე“ – რეალური მისტიკური განცდის ანარეკლი, ხოლო „ვარდი სილაში“ – დაპირისპირებულ საწყისთა ღვთაებრივი სინთეზის სიმბოლო... თურმე: თებერვლის საბედისწერო დღეებში გალაკტიონი სამშობლოს დამოუკიდებლობას ედგა დარაჯად; ოციან წლებში დააარსა თავისუფალი ლიტერატურული ჯგუფი „ირმიგალი“. და კიდევ: საბურველი ჩამოეცალა ამაღლებული სიყვარულის ფსევდო-ლეგენდას, რომელიც ბოლო დრომდე მალავდა პოეტის პიროვნულ დრამას...
გალაკტიონის ეპოქალური წიგნი “Crâne aux fleurs artistiques“ (1919) ქართული მოდერნისტული პოეზიის მწვერვალია, რომელმაც სათავე დაუდო თვისებრივად ახალ პოეტურ აზროვნებას და სალექსო ნოვაციებს. ეს იყო ქართულ-ევროპულ კულტურათა სინთეზის ღრმად გაცნობიერებული ცდა, ერთგვარი ჰიჯრა დასავლეთისაკენ, რასაც ცხადყოფს ამ კრებულში შესული შედევრების ინტერტექსტობრივი კვლევა.
ტოტალიტარიზმის პირობებში გალაკტიონი იძულებული იყო კონიუნქტურული ლექსებიც ეწერა. მძიმე ხარკის გაღებით გადაურჩინა მან ერსა და ქვეყანას თავისი გენია – სამარადისოდ აღმართა პირამიდებზე მაღალი ტაძარი პოეზიისა.
გალაკტიონის ბოლო პერიოდის ლირიკამ, რთული სისადავის პოეტიკამ არსებითად განსაზღვრა ქართული პოეზიის შემდგომი განვითარება: ყველა მეტ-ნაკლებად საყურადღებო სტილური ტენდენცია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე, პირდაპირ თუ შუალობით, გალაკტიონის გვიანდელ ლირიკას უკავშირდება.
24.95
გასტრონომიული სიზმრები
ავტორი: დალილა ცატავა
„დაგსიზმრებიათ გასტრონომიული სიზმრები? მეხსიერების მონატრებული ადგილები, ბავშვობის სამოთხე, სივრცე, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობ, როგორი ცოცხალი ხარ?
იცით, როგორია საქართველოს, ამ უძველესი ქვეყნის, ხორბლის, ღვინის, თაფლისა და ყველის სამშობლოს მთავარი გემო? იქნებ საიდუმლო მითიურ კოლხეთშია? იქნებ პირიქით, აწმყოში, თანამედროვე გემოების წაკითხვაში?
წაგიკითხავთ წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი? ამოგიხსნიათ ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემო და უხსოვარ წარსულში დაფლული კულინარიული საიდუმლო?
„რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მოგონება, ტკბილი და სანუკვარი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სევდა“ – წერს დალილა ცატავა თავის წიგნში, რომელიც ყველა იმ შეგრძნებისა და ემოციის საცავია, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, პროდუქტებისა და ნივთიერებების ქიმიურ ზავს კი – ჯადოსნურ პროცესად.“ – დიანა ამფიმიადი
30.95